თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ ხელმძღვანელობს, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. ასევე ხაზი გაესვა წარმატებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას.
უწყების ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის კავშირები.
თავის მხრივ, ჩენ ჭოუმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნეს-გარემოს ხელშეწყობის კუთხით, ასევე გამოხატა სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში გაფორმდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღის მანძილზე შეძლებენ - შეთანხმება ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ.
საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი კი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. 2024 წლის იანვარში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 96,4 მლნ დოლარი შეადგინა.