თბილისი, 14 აპრილი– Sputnik. სახელმწიფო ენის დღე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 14 აპრილს აღნიშნავს, ქართველ ხალხს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მიულოცა.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 46 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ”, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული ენის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხდაება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.
„ევროკავშირი უერთდება საქართველოში 14 აპრილის - დედა ენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია”, - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება - ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა.
2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამი სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.
ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.