ერდოღანმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შეთანხმება დაამტკიცა

დოკუმენტის მიზანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც სამი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის, ტვირთბრუნვის საბაჟო პროცედურების გამარტივება
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა დაამტკიცა შეთანხმება თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივების შესახებ, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნდა ქვეყნის მთავრობის „ოფიციალურ მაცნეში" (Resmi Gazete).

„თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა დაამტკიცა შეთანხმება თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო ტრანზიტის ოპერაციების გასამარტივებლად მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმებას 2022 წლის 18 აგვისტოს ბაქოში მოეწერა ხელი.
შეთანხმების მიზანია პირველადი მონაცემების ელექტრონული გაცვლა იმ საქონლის საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად, რომელთა ტრანსპორტირებაც ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ხორციელდება და სამივე ქვეყნის ტერიტორიას გადის.
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი თურქეთში ყოველწლიურად 1,5 მლნ ლიტრი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ექსპორტს საბაჟო გადასახადის გარეშე განახორციელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) მორიგ სხდომაზე მიიღეს.
ცნობილია, რომ აზერბაიჯანიდან თურქეთში ალკოჰოლური სასმელების შეტანა განხორციელდება შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მოქმედებს ქვეყნებს შორის და გათვლილია 10 წელზე.
დოკუმენტის თანახმად, თურქეთი აზერბაიჯანიდან ღვინოს, თუთას, კომშს, შავი მეტალურგიის პროდუქტებსა და შესაფუთ მასალებს უბაჟოდ შეისყიდის. შეღავათიანი ხელშეკრულების ფარგლებში თურქეთი აზერბაიჯანში ახორციელებს სპილენძის მავთულის, სარეცხი მანქანების, მონიტორების, ავტომობილების ნაწილების და ალუმინის ექსპორტს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შეღავათიანი სავაჭრო შეთანხმება 2021 წლის მარტში შევიდა ძალაში. ამ შეთანხმების მიხედვით, თურქეთი აზერბაიჯანში წარმოებული 15 სახეობის საქონლის, ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და მათი სამრეწველო გადამუშავების უბაჟო იმპორტს უზრუნველყოფს.