თბილისსა და ჩინეთის ქალაქ სიანს რეგულარული ავიარეისები დააკავშირებს

ასევე ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ჩინეთის ქალაქ ჩენდუს მიმართულებით რეგულარული სატვირთო რეისები დაიწყო
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის დედაქალაქ სიანს შორის რეგულარულ სამგზავრო ავიარეისებს დაიწყებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა" შანსის პროვინციის ტურიზმის განვითარების ჯგუფთან მემორანდუმი გააფორმა, რომელსაც ხელი „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის" პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და შანსის ტურიზმის განვითარების ჯგუფის დირექტორის მოადგილემ ვუ ბინმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, ავიაკომპანია თბილისსა და სიანს შორის რეგულარული სამგზავრო ავიარეისების შესრულებას უმოკლეს ვადებში დაიწყებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ჩინეთის ქალაქ ჩენდუს მიმართულებით რეგულარული სატვირთო რეისები დაიწყო. პირველი რეგულარული სატვირთო რეისი თბილისი-ჩენდუს მიმართულებით ავიახომალდმა „ბოინგ 767-მა“ 12 აპრილს შეასრულა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ავიარეისების გახსნის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდა.