თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და საქართველოს ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ - ეს და სხვა საკითხები ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის განხილვის მთავარი თემა გახდა.
ეს კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტია გერმანიაში პრემიერ-მინისტრის რანგში.
„დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე. ჩვენთვის თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილება არის მნიშვნელოვანი და გვაქვს იმედი, დარწმუნებულებიც ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კობახიძის თქმით, პარტნიორობამ და თანამშრომლობამ მიაღწია ახალ დონეს, პირველ რიგში სამართალდაცვით სფეროში, განათლების, კულტურის, მეცნიერების სფეროებში.
„გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საქართველოსთან ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში. საქართველოში არაერთი გერმანული კომპანია ოპერირებს წარმატებულად და ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც იქნება გადასადგმელი იმისთვის, რომ გერმანიის ეკონომიკის სექტორი უფრო დავაინტერესოთ საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური შესაძლებლობებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის განხილვის კიდევ ერთი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია გახდა.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა, სასამართლო რეფორმა და სხვა.
„გერმანია იყო და არის საქართველოსა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და მხარს ვუჭერდით ყოველთვის იმას, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი და წარმატებით მივაღწიეთ ამას. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით“, - განაცხადა შოლცმა.
შოლცის თქმით, საქართველომ შემდგომი ინტეგრაციისთვის უნდა განახორციელოს ინსტიტუციური, სამართლებრივი და დემოკრატიული რეფორმები.
„ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე და იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც საჭიროა ამისთვის“, - განაცხადა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერები ვართ ამ მხარდაჭერისათვის. რა თქმა უნდა, ევროპული ინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - განაცხადა კობახიძემ.
მიწვევა და მომავალი ჩემპიონატი
„დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად, ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას. ჩვენს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა ოლაფ შოლცი საქართველოში მიიწვია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს და გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
საქართველოში ოპერირებენ გერმანული კომპანიები Heidelbergcement, Knauf, Henkel და სხვა. გარდა ამისა, ქვეყნები აქტიურად მართავენ სხვადასხვა ბიზნეს და ტურისტულ ფორუმებს.
გერმანული ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 21,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს აჭარბებს.