ნარმანია: კომუნალურ კომპანიებში აუდიტი გამკაცრდება

კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელი აუდიტის სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა, მიაჩნია კომისიის თავმჯდომარეს
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) რეგულირებად სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებში არაგეგმიურ აუდიტსაც განახორციელებს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმურ მარეგულირებელ აუდიტთან ერთად სისტემატურად მოხდება არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება, რაც გულისხმობს რეგულირებული კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების მიზნობრიობის შესწავლას, დანახარჯების რეგულირებად საქმიანობასთან კავშირის/საჭიროების დადგენას, მიზანშეწონილობისა და გონივრულობის განსაზღვრას.
„დღემდე, სემეკი კომპანიების მარეგულირებელ აუდიტს ატარებდა ტარიფების დადგენის პერიოდში შესაბამისი სატარიფო გაანგარიშების მიზნით. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელი აუდიტის პროცესს მიეცეს სისტემატური ხასიათი და კომპანიების საქმიანობის შემოწმება კონკრეტული მიმართულებებით მოხდეს არაგეგმურადაც“, - განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში”.
დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელი აუდიტის სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და ფინანსური სახსრების რაციონალურ ხარჯვას.
ამ მიზნით სემეკში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ფუნქციებსაც სატარიფო მიზნებისათვის განსახორციელებელი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პარალელურად წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი, აღნიშნა ნარმანიამ.
ახალი დეპარტამენტის ფუნქციებია ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი, ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი.
გარდა ამისა, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის, სახელმძღვანელო ინსტრუქციების, სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის შემუშავება, აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესის დაგეგმვა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, საპროგნოზო სატარიფო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი და მიზანშეწონილი ოდენობის განსაზღვრა.