კრიმინალური ავტორიტეტების სახელით ხალხს ფულს სძალავდა: დაკავებულია 23 წლის მამაკაცი

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით მიხედვით, ბრალდებული სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე ქონების განადგურების მუქარით, 100 ათას დოლარს სთხოვდა.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა.
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს