თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარლაინსმა“ ჩინეთის ქალაქ ჩენდუს მიმართულებით რეგულარული სატვირთო რეისები დაიწყო. იუწყება „პირველი არხი“.
პირველი რეგულარული სატვირთო რეისი თბილისი-ჩენდუს მიმართულებით „ჯორჯიან ეარლანსის“ ავიახომალდმა „ბოინგ 767-მა“ 12 აპრილს შეასრულა.
„ჯორჯიან ეარლაინსი“ ჩინეთში რეგულარულ სატვირთო ფრენებს ჩინურ ლოჯისტიკურ კომპანია QLD Logistics და DNJ Holding Company-სთან ერთად ახორციელებს.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარლაინსის“ ცნობით, ქალაქ ჩენდუში თბილისი-ჩენდუს რეგულარული სატვირთო ფრენების გახსნის ღონისძიება გაიმართა. რომელზეც აღინიშნა ჩინეთსა და საქართველოს შორის რეგულარული სატვირთო ავიარეისების მნიშვნელობა, ამ მიმართულებით სიხშირეების გაზრდისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
გარდა ამისა, „ჯორჯიან ეარვეისმა“ და სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული სამგზავრო რეისების გახსნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
ხელმოწერის ცერემონია ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გაიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და სიჩუანის ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურმა მდივანმა და სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ დენ ფანმა.
მემორანდუმის ფარგლებში, ივნისიდან დაგეგმილია „ჯორჯიან ეარვეისის” მიერ რეგულარული სამგზავრო რეისების შესრულება ჩენდუ-თბილისის-ჩენდუს მიმართულებით და თბილისიდან ავიაკომპანიის ოპერირებული ევროპის მიმართულებების ათვისება.
მხარეებმა ასევე განიხილეს ავიაბილეთების რეალიზაციის თანამედროვე პლატფორმების დანერგვისა და ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის საკითხები.
თბილისი-ჩენდუ-თბილისის მიმართულებით რეგულარული სამგზავრო რეისებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი ასევე კომპანია QLD Logistics-სთან გაფორმდა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ავიარეისების გახსნის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდა.