ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემები აქვს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

Sputnik
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ის, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ იყო სათანადოდ ინფორმირებული ქართული კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე ის, რომ თარჯიმანმა მისი სიტყვები არასწორად თარგმნა, ზოგადად ევროპული ბიუროკრატიის პრობლემაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
ამის შესახებ კობახიძემ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შოლცთან ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„სერიოზული პრობლემები ჩანს ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც გამოიკვეთა დღევანდელ მაგალითზეც, თარჯიმნის მაგალითზე, სხვა კუთხითაც და იმედი გვაქვს, ამ პრობლემებსაც მომავალში მოევლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ თარჯიმანმა ზაალ ანდრონიკაშვილმა პრესკონფერენციაზე შოლცის გამოსვლის ქართულად თარგმნის დროს თქვა „აგენტების კანონი“, როდესაც კანცლერს ეს საერთოდ არ უთქვამს.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თარჯიმანი არის უმსხვილესი ქართული ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას.
„აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში“, - აღნიშნა პრემიერმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამ „ოპოზიციონერ პოლიტიკოსს“ პასუხს მოსთხოვენ კანცლერის სიტყვების გაყალბებისთვის.
რაც შეეხება გერმანიის კანცლერის ზოგად პოზიციას ქართულ კანონპროექტთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა, რომ ის არასწორად იყო ინფორმირებული.
„ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ, მაგალითად, კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა“, - განაცხადა კობახიძემ.
შოლცმა მოუწოდა საქართველოს არ მიიღოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ - კობახიძის პასუხი>>
მან აღნიშნა, რომ კანცლერი არ არის ვალდებული იკითხოს ქართული კანონები, ეს ბიუროკრატების საქმეა.
„რაც შეეხება თვითონ კანცლერს, რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც, ეს კანონი იყოს ექვსგვერდიანი თავისი მოცულობით. ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრესკონფერენციაზე შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გაითვალისწინებს ევროკავშირის კრიტიკას და არ მიიღებს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მისივე თქმით, მსგავსი კანონები ევროკავშირში არ არსებობს.
თავის მხრივ, კობახიძემ შეახსენა, რომ ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ევროპული დირექტივის პროექტი „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ (PDP). მისი მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტერესების ყველა წარმომადგენელს მოეთხოვება დარეგისტრირება ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში, სადაც მითითებული იქნება უცხო სახელმწიფოსგან მიღებული ყველა ტრანზაქცია.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.