თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ყოფილ ცოლსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა.
ასევე, 2023 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულმა ყოფილ მეუღლის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა.
გარდა ამისა, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი.
ასევე, 2024 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა დაზარალებულს აპლიკაცია Whatsapp-ით ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მოიპოვა ნივთიერი მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაცია, რის შემდეგაც 10 აპრილს მამაკაცი ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება 48 საათში წარედგინება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.