თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. პოლიციამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი ახალგაზრდა დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიების ინფორმაციით, 20 და 21 წლის მამაკაცებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა შეიმუშავეს.
კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც დასაქმებული იყო სს „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ თანამზრახველს აწვდიდა.
მისმა თანამზრახველმა კი მობილურ ტელეფონში ჩაწერა „NIKORA SUPERMARKET“-ის აპლიკაცია, სადაც არეგისტრირებდა მიწოდებულ მომხმარებლების პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს, რის შემდგომაც მიდიოდა სს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიებში და ხარჯავდა მომხმარებელთა ბარათებზე დაგროვილ ქულებს. ქულების გახარჯვის შედეგად მიღებულ სარგებელს კი ორივე ინაწილებდა.
შედეგად სს „ნიკორა ტრეიდს“ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.