თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსება შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი წლიური შემოსავლისა თუ კერძო დაზღვევის არსებობისა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ სახელმწიფო 25 ათას ლარს გამოყოფს. მიმდინარე წლის აპრილიდან მოქალაქეებს შეღავათიან ფასად მედიკამენტებიც მიეწოდებათ. ცვლილება შეეხო იმ პაციენტებსაც, რომლებმაც უკვე ამოწურეს 25 ათასი ლარის ლიმიტი. მათ საჭირო მედიკამენტების მიწოდება გაუგრძელდებათ.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს. მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა კერძო დაზღვევა და როგორია მისი შემოსავალი“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, პაციენტები, რომელთა წლიური შემოსავალიც 40.000 ლარს აღემატება, გასული წლიდან უკვე სარგებლობენ პროგრამის ამ კომპონენტით.
გამოკვლევები მკურნალობის დაწყებისთვის ითვალისწინებს სისხლის ანალიზს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სკანირებას და ა.შ. ასევე, მედიკამენტის დანიშვნისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს გენეტიკური კვლევებიც, აღნიშნა გაბუნიამ.
„ამაზე მიდის აქტიური მუშაობა სპეციალისტების მიერ და ჩვენ მათ მიერ წარმოდგენილი ნუსხით გავითვალისწინებთ დაფინანსების საჭიროებას და იმას, თუ რა უნდა დაფინანსდეს”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ონკოპაციენტების მიმდინარე აქციებს, რომელთა მონაწილეებიც 25 ათასიანი ლიმიტის გაუქმებას მოითხოვენ, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის ერთადერთი გადაჭრის გზა არის კონსტრუქციული დიალოგი.
„ერთადერთი გადაჭრის გზა არის კონსტრუქციული დიალოგი და საჭიროებების გაზიარება როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე ყველა იმ სპეციალისტისა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ვინც ჩართულია ონკოლოგიური პროგრამის პროცესში. ეს პროცესი არის ღია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, სამინისტროს გააჩნია მიმდინარე კონსულტაციების რამდენიმე პლატფორმა.
კიბოსთან ბრძოლის პროგრამა
2023 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.
ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მუდმივად მზარდია - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
2024 წლის მარტიდან ამოქმედდა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.