აგროკრედიტების არამიზნიობრივად გამოყენების საქმე: გამოძიებას 26 ბრალდებული ჰყავს

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ ჯამში 227.748 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ, 2018-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული იქნა ჯამში თითქმის 1,8 მილიონი ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებას, ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას, წვრილფეხა პირუტყვის შეძენას, ფერმების და სასაწყობე მეურნეობის აშენებას. თუმცა ბრალდებულების მიერ თანხები გამოყენებული იქნა არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის, ხოლო, დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, მათ მიერ დამზადდა ყალბი შესყიდვის აქტები, ასევე, კერძო აუდიტორების მიერ შედგენილი იქნა ყალბი დასკვნები, კრედიტის თითქოსდა მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.
შედეგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში 227.748 ლარი, ხოლო, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 238.709 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა.
ამ ეტაპისათვის ანაზღაურებულია 179.442 ლარის ოდენობის ზიანი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული დარჩენილი ზიანის მობილიზების უზრუნველსაყოფად.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.