კალაძე: არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები

კანონდარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 1 ათასი ლარია
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია ამკაცრებს კონტროლს სატვირთო მანქანების გადაადგილებაზე, რათა მათ სამშენებლო ტერიტორიიდან ქალაქში ტალახი და ჭუჭყი არ გაავრცელონ და დედაქალაქის მცხოვრებლებს მტვრის სუნთქვა არ მოუწიოთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება ტერიტორიიდან გამოსვლის დროს ავტომანქანები სამშენებლო მოედანზე ჩამორეცხონ. არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდა.
კანონდარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარი, იურიდიული პირისთვის - 1 ათასი ლარი, ხოლო განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2 ათასი ლარია.
„ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს, თუმცა, რეალობას თუ შევხედავთ, ამ მიმართულიბით სერიოზული პრობლემები გვაქვს", - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ მის მოადგილე კახა გულედანს დაავალა, მკაცრად გააკონტროლოს სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული ავტომანქანების მდგომარეობა და არც ერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.
„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო სუფთა გავხადოთ და ამ პროცესში ყველა ადამიანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - დასძინა მერმა.
გულედანის თქმით, 2023 წელს მშენებლობისთვის განკუთვნილი ავტომანქანების მიერ ქუჩების დაბინძურებისთვის 600-ზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.
„მერის ბრძანების საფუძველზე გამკაცრდება კონტროლი და თითოეული ასეთი შემთხვევა შესაბამის ჯარიმას დაექვემდებარება“, - განაცხადა გულედანმა.