თურქეთის საელჩო: ახალგაზრდების თავგანწირვამ საქართველოს დამოუკიდებლობა თავიდან მოუპოვა

1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. საქართველოში თურქეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
„35 წლის წინ, დღევანდელ დღეს ისტორიის ფურცლებში ოქროს ასოებით ჩაიწერა გმირი ახალგაზრდების თავგანწირვა, რამაც მისცა გზა ქვეყნის დამოუკიდებლობის თავიდან მოპოვებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.
1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.