ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ მაღალი ფასი გადაიხადა დამოუკიდებლობისთვის

დღეს 35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს არის დღე, როდესაც მრავალი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ მაღალი ფასი გადაიხადა თავისუფლებისთვის, ასე ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილის მოვლენებს.
საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
„ბევრმა ქართველმა გასწირა სიცოცხლე დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ პატივს ვაგებთ მათ მემკვიდრეობას“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.