„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი არ ზღუდავს „ენჯეოების" საქმიანობას - მინისტრი

ხუციშვილის თქმით, კანონპროექტი ასევე არ ითვალისწინებს აგენტის იარლიყის „მიწებებას", მაგრამ ამის გასაგებად საჭიროა კანონპროექტის შინაარსის გაცნობა.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებას და არ ითვალისწინებს მათი საქმიანობის შეზღუდვას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. მმართველმა პარტიამ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირველობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მ, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
„თვითონ კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებას და შესაბამისად, ზოგადად ანგარიშგების გამოქვეყნება ვერ იქნება შემზღუდველი ამა თუ იმ საქმიანობის. ანგარიშგებას აქვეყნებენ კომერციული ორგანიზაციებიც და შესაბამისად, მათ არანაირი შეზღუდვა და არანაირი დისკომფორტი ამ ნაწილში არ აქვთ“, - განაცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, კანონპროექტი ასევე არ ითვალისწინებს აგენტის იარლიყის „მიწებებას", მაგრამ ამის გასაგებად საჭიროა კანონპროექტის შინაარსის გაცნობა.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში საუბარი არ არის აგენტის იარლიყის მიკვრაზე, გავცდეთ სათაურს და დავიწყოთ საუბარი შინაარსზე, ვნახოთ კანონპროექტის შინაარსი და თუ რაიმე ისეთი მუხლია, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს არასამთავრობო სექტორს ან მედიას, ბუნებრივია, დისკუსია უნდა გაიმართოს", - განაცხადა მინისტრმა.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
- არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
- მაუწყებელი;
- იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
- იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.