პრემიერი: თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

კობახიძის თქმით, რამდენიმე წელში დედაქალაქს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი, რომელიც იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ზაფხულში გააკეთა. მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავდა – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას.
„გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი... მისი მშენებლობის ღირებულება, დაახლოებით, 1 მლრდ 260 მლნ დოლარი იქნება", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არსებული აეროპორტის გაფართოების შემთხვევაში - სამშენებლო ხარჯები, დაახლოებით, 900 მლნ დოლარი იქნებოდა, რაც იძლეოდა მგზავრთნაკადის მაქსიმუმ, 15 მილიონ მგზავრამდე გაზრდის საშუალებას, შემდგომი განვითარების პერსპექტივის გარეშე.
„ახალი აეროპორტის მშენებლობა იძლევა მგზავრების რაოდენობის 19 მილიონამდე გაზრდის შესაძლებლობას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი აეროპორტის პროექტირება და სატენდერო პროცედურები მომავალ წელს დასრულდება, რის შემდეგაც რამდენიმე წელში დედაქალაქს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ექნება სერიოზული ეკონომიკური ეფექტი.
„ჩვენი გათვლებით, ეკონომიკური ზრდა 0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკას დაახლოებით 350 მლნ ლარი დაემატება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის", - განაცხადა მან.
როგორც პრემიერმა განმარტა, დღეისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა დაახლოებით 4-4,5 მლნ მგზავრია. ტურიზმის სფეროს დადებითი დინამიკის ზრდის გათვალისწინებით კი მომავალშიც მოსალოდნელია ვიზიტორების სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ახალი აეროპორტის საჭიროება
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც ასევე იქნება სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით, განაცხადეს მთავრობაში.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
საქართველოს აეროპორტების განვითარებაზე ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოეყო. თანხა ქუთაისის, თელავისა და ვაზიანის აეროპორტების განვითარებას მომხარდება.