თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში თვითმკვლელობების რაოდენობამ 186 შეადგინა, თვითმკვლელობა კი 107-მა ადამიანმა სცადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
სუიციდის შემთხვევების დაახლოებით მესამედი თბილისში მოხდა. თვითმკვლელობის რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
შსს-ს ცნობით, ყველაზე უმცროსი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 13 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 87 წლის.
უწყების მასალების თანახმად, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ყველაზე ხშირად მამაკაცები ასრულებენ, თვითმკვლელობების მესამედი კი ქალებზე მოდის.
რაც შეეხება თვითმკვლელობის მცდელობას ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ყველაზე უმცროსი 12 წლისაა, ყველაზე უფროსი - 79 წლის. მათი უმეტესი ნაწილი, ვინც თვითმკვლელობა სცადა ან თვითმკვლელობა ჩაიდინა, საქართველოს მოქალაქეა.
ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა რუსეთის, ბელარუსის, ინდოეთის, ისრაელისა და ყაზახეთის მოქალაქეების თვითმკვლელობის შემთხვევები.