თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.
ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე. ამ დღეს არა მხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისგან გამოხსნა გადაწყვიტა.
„გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში. როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით „გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ „გიხაროდენ“, - ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი”, - განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება. დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.
დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.