თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ლიდერს, ზურა მახარაძეს და ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 5-5 ათასლარიანი ოდენობით გირაო შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა მათგანმა ორ ადამიანზე, ხოლო მეორემ ერთ ადამიანზე იძალადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების მხარდამჭერთა უკმაყოფილება და სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
როგორც ზურაბ მახარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს. ადვოკატის განცხადებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
პროკურატურის განცხადებით კი, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორივე ბრალდებულს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე 2021 წლის 20 ნოემბერს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ცნობილი არიან ჰომოფობიური შეხედულებებით. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში.
წყარო - ტელეკომპანია „პირველი“.