თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების ხუთი წევრი დააკავეს - ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 33-დან 44 წლამდე მერყეობს, 2 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერი არჩევდა სამიზნეს და ნიშნავდა იმ სახლებს, რომლებიც უნდა გაეძარცვათ, კიდევ ერთი წევრი საკეტების გახსნაზე მუშაობდა, ორი წევრი სიგნალიზაციის საკითხს აგვარებდა და ძარცვის შემდგომ მტკიცებულებებს ანადგურებდა, 33 წლის ქალი კი ძირითადად დამლაგებლის სტატუსით სარგებლობდა და დაჯგუფების წევრებს სახლში არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.
ბერძენმა სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლების ჩხრეკისას აღმოაჩინეს ავტომობილი, მოტოციკლი, 3 ლეპტოპი, 370 ევრო, მობილური ტელეფონები და SIM-ბარათები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, ძარცვისთვის საჭირო ინსტრუმენტები, ასევე დიდი რაოდენობით ძვირადღირებული საათები და სამკაულები.
მიმდინარე გამოძიების დროს ძარცვისა და ქურდობის 16 საქმე გაიხსნა - დაჯგუფების მიერ მიღებულმა სარგებელმა თითქმის 700 ათასი ევრო შეადგინა.
დაკავებულები პროკურატურაში არიან გადაყვანილები. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - ტელეკომპანია „ფორმულა“