თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა