აჭარაში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტო რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

აფთიაქის ხელმძღვანელებმა უკანონო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მლნ ლარის მოგება ნახეს.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. აჭარაში ფსიქოტროპული მედიკამენტების კანონდარღვევით გაყიდვის გამო ხუთი პირია დაკავებული, პასუხისგებაში კი სამი იურიდიული პირი მიეცა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აჭარის რეგიონში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რეცეპტის გარეშე სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები იყიდებოდა.
გამოძიების მიხედვით, აღნიშნული ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან ხუთი პირია დაკავებული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა.
გამოძიების ინფორმაციით, აფთიაქის ხელმძღვანელებმა უკანონო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მლნ ლარის მოგება ნახეს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.