თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში, რომლებიც ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვასა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტებით, იკრძალება ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლა, გენდერული მახასიათებლების განმსაზღვრელი ცნებების გამოყენების შეზღუდვა და ამ ყველაფრის პროპაგანდა. საყოველთაო განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომისია შეიქმნება.
„მინდა მივმართო ყველა ფრაქციასა და პოლიტიკურ ჯგუფს შემდეგი წინადადებით, რომ დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიაში. მივმართავ ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, ჩაერთონ დისკუსიაში, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ კომისიის ამოცანაა მოაწყოს შეხვედრები საზოგადოებასთან, მათ შორის რეგიონებში, გააცნოს კანონპროექტების პაკეტი და მოისმინოს მოსაზრებები, უნდა დარეგულირდეს თუ არა ესა თუ ის საკითხი კონსტიტუციური კანონით და როგორ უნდა დარეგულირდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის გეგმების შესახებ მარტის ბოლოს განაცხადა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.
ინიცირებულია ორი კანონპროექტი - ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
ამ კანონპროექტების მისაღებად საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის ხმა, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე განაცხადეს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ოპონენტების მხარდაჭერის გარეშე, ამჟამინდელი პარლამენტის პირობებში, ისინი აპირებენ მიიღონ ცვლილებები კანონებში, რომლებიც იცავს ოჯახურ ფასეულობებს და კრძალავს ლგბტ პროპაგანდას, რასაც 76 ხმა სჭირდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.