თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ლიდერს, ზურა მახარაძეს და ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა მათგანმა ორი ადამიანზე, ხოლო მეორემ ერთ ადამიანზე იძალადა.
„მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა“, - აღნიშნავენ უწყებაში.
ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე 2021 წლის 20 ნოემბერს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ცნობილი არიან ჰომოფობიური შეხედულებებით. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში.