თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოში სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა, თუმცა, პიკმა გადაიარა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში გრიპი ერთ-ერთი წამყვანი ვირუსია.
„სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა. ნათელია, რომ მიუხედავად გაზაფხულის პერიოდისა, როდესაც მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის", - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში".
როგორც მედიკოსმა აღნიშნა, პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.
ამასთან, ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძიმე შემთხვევების რაოდენობა თითქმის განახევრდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ წინა პერიოდთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც 35%-ს შეადგენდა.
ქვეყანაში არსებული სურათი იმაზე მეტყველებს, რომ მწვავე რესპირატორული ინფექციების მქონე პაციენტების ექიმებთან მიმართვიანობა კვლავ მაღალია, თუმცა, კლინიკებში გრიპის ვირუსის მძიმე შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია.
ჩხაიძის თქმით, სამივე ვირუსს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება საქართველოში, დღეს განსხვავებული მიმდინარეობა აქვს:
გრიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ხველა.
რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსს თან ახლავს ხველა, თუმცა, მაღალი სიცხისა და თავის ტკივილის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის გარეშე. მოზარდებში შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, ხოლო 2-წლამდე ბავშვებში ბრონქიტი, რაც შეიძლება ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდეს.
რაც შეეხება რინოვირუსს, ის, წინა ორ ვირუსთან შედარებით, შედარებით მსუბუქია. ჩხაიძის თქმით, ეს არის ტიპური გაციება დაბალი ტემპერატურით და ყელის ოდნავი ტკივილით.
ჩხაიძემ ასევე განაცხადა, რომ გახშირდა ყივანახველის შემთხვევები, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება - პაციენტებსი ხველა ორ თვემდე გრძელდება.
აპრილიდან მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მკვეთრი შემცირება და მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში ეს დაავადებები აღარ უნდა დაფიქსირდეს, აღნიშნა ექიმმა. ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც, მაგრამ მცირე რაოდენობით.