თბილისი, 3 აპრილი— Sputnik. მოგზაურმა ინფლუენსერმა კარლ ვოთსონმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დოკუმენტური ფილმი Midnight Train To Georgia რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება. ფილმში კარლ ვოთსონი მაყურებელს ლონდონიდან თბილისამდე მოგზაურობის შესახებ მოუთხრობს.
ფილმში ნაჩვენებია თბილისის ისტორიული უბნები, ეკლესიები, კვების ობიექტები, ქართული კერძები, ღვინო. ინფლუენსერმა Youtube-ის მომხმარებელს ასევე გააცნო გუდაური, სამთო კურორტის ინფრასტრუქტურა, დაბა სტეფანწმინდა და გერგეტის სამება.
კარლ ვოთსონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ციფრული კონფერენციის TRAVERSE ფარგლებში იმოგზაურა.
ბრიტანელი იუთუბერის ფილმში ასევე მოხვდა TRAVERSE-ის ფარგლებში თბილისში გამართული კონფერენციაც, რომელსაც ესწრებოდა 180-მდე ინფლუენსერი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ციფრული კონფერენცია TRAVERSE თბილისში 30 იანვარი-10 თებერვლის პერიოდში გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისში, მესტიაში, გუდაურსა და სხვა ადგილებში იმოგზაურეს და საქართველოს შესახებ ბლოგები, პოსტები, სთორები და ვიდეორგოლები მოამზადეს.