საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პოლონეთში გაეცნენ

ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 200-მდე ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში International Tourism Fair Wroclaw მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ვროცლავში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან წარმოდგენილი იყვნენ ქართული კერძო კომპანიები. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და მიეღოთ ინფორმაცია ტურისტული პროდუქტების შესახებ.
„ვროცლავის გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, რომლის მიზანი პოლონურ ტურისტულ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობა და ტურების დაგეგმვა იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონური კომპანიები საქართველოს საზღვაო კურორტებით, კულინარითაა და სათავგადასავლო ტურისტული აქტივობებით დაინტერესდნენ.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 13 ათასამდე ვიზიტორი ესწრებოდა - გამოფენაში 200-მდე ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა.