თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა.
საერთაშორისო პლატფორმა განახლებულ რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. სიაში ხვდებიან ის ახალგაზრდა ტოპ-მოდელები, რომლებმაც ცნობილი ბრენდების, ჟურნალებისა და ფოტოგრაფების ყურადღება მიიქციეს და აქვთ შანსი მომავალი სუპერმოდელები გახდნენ.
2022 წელს აღნიშნულ პლატფორმაზე მატილდა წლის სახედ დასახელდა.
ქართველმა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. ცოტა ხნის წინ ის შანელის სუნამოს ახალ კამპანიაში გამოჩნდა. იქამდე კი, 2022 წლის ოქტომბერში ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულზე CHANEL-ის შოუზე გამოვიდა. ამავე კვირეულის ფარგლებში მატილდამ Rokh-ის ჩვენებაც გახსნა.
მატილდა გვარლიანი
© Courtesy of FashionHolics Online
მატილდა გვარლიანი 20 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.