ვინ ითხოვს „ვეტინგ-კონტროლს" საქართველოში? დეპუტატის განმარტება

წილოსანის თქმით, ეს ადამიანები არ წარმოადგენენ არც ქართველ ხალხს, არც ქვეყანას.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს სასამართლო სისტემაში „ვეტინგ-კონტროლის" შემოღებას ურეიტინგი პოლიტიკოსები და უცნობი წარმოშობის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას საქართველოში ქვეყნის ხელისუფლებას დაქვემდებარებული კლანი მართავს. ისინი ამტკიცებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ ვეტინგ-კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს. მათი აზრით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებმა უნდა შეამოწმონ.
„ვინ გვესაუბრება მოსამართლეების კომპეტენციის, კეთილსინდისიერებისა და „ვეტინგის" შესახებ? ეს ურეიტინგო პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ვერ გავარკვიეთ, ზოგადად, ვისი წარმომადგენლები არიან", - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, დანამდვილებით ცნობილია ის, რომ ისინი არ წარმოადგენენ არც ქართველ ხალხს, არც ქვეყანას.
„სამწუხაროდ, ამ ადამიანებზე დაყრდნობით, თუ ჩვენი რომელიმე პარტნიორი ქვეყნის საელჩო უპირატესობას მიანიჭებს იმ მოსამართლეებს, რომლებიც სასამართლოს წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობენ და გარკვეულწილად სხვა მოსამართლეების მიმართ დისკრიმინაციას განახორციელებენ, ეს მართლაც ძალიან სამწუხარო იქნება“, - განაცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.
ტელეკომპანია „იმედის" მტკიცებით, საქართველოში ერთ-ერთი ქვეყნის საელჩომ „ვეტინგ-კონტროლის" შემოღების მომხრე მოსამართლეები ევროპაში წაიყვანა. ვინ არიან ეს მოსამართლეები და რა მიზანს ემსახურება ვიზიტი, ამის თაობაზე ტელეკომპანია ინფორმაციას არ ფლობს.
საქართველოს პრემიერს აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია არ აქვს, განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან. თუმცა, მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუღებელია გარკვეული პრივილეგიების გამოყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევისთვის.
პრემიერ-მინისტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებული სკანდალი გაიხსენა, რომელმაც 2022 წლის მაისში ნიკა გვარამია გაასამართლა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელს, ამჟამად კი ოპოზიციური პარტია „ახალის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
პაპუაშვილი: უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა ქართულ სასამართლოზე ზეწოლის ტოლფასი გახდა>>>
როგორც მაშინ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ჩხიკვაძის თქმით ბურკმა შეხვედრისას მას შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს.
ჩხიკვაძე ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.
რაც შეეხება გვარამიას, მან საპყრობილე 2023 წლის ივლისში დატოვა, მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
გვარამიამ დანაშაული არ აღიარა. მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმის განხილვაზე უარი მიიღო. საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ეს იყო მოსამართლის მიუკერძოებლობის დასტური, მაგრამ გვარამიამ გადაწყვიტა გააგრძელოს ბრძოლა - მიმართოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ევროკავშირი მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექსურ რეფორმირებას, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოში და სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანო.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, იხელმძღვანელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, ხოლო მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს შენიშვნები არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
2023 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნაში სასამართლო რეფორმის თაობაზე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების, ფუნქციების, შემადგენლობისა და არჩევის წესის გადახედვის აუცილებლობაზე, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს მიმართ. ასევე აღნიშნულია, რომ ყოვლისმომცველი რეფორმა არ შეიძლება განხორციელდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის მცირე კორექტირებით.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის გადასინჯვას დადებითი შეფასება მისცა და ახლა გაუგებარია, რატომ გახდა კვლავ საჭირო ცვლილებები.