თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატისთვის სპეციალური ჩარტერული რეისები დანიშნა, ბილეთების გაყიდვა დაიწყო, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა. რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.
26 მარტს „დინამო არენაზე" გამართულ დაძაბულ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
„ჩარტერულ რეისებზე ბილეთების ფასები 295 ევროდან დაიწყება. პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე www.georgian-airways.com, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში",- აღნიშნულია განცხადებაში.
პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:
თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება - ფასი 692 ლარიდან 2.780 ლარამდეა.