საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი მეთოდით გამოიკვლევენ

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში Hr-HPV დნმ ტესტის გამოყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ წარმატებით დაიწყო.

„ეროვნული სკრინინგ-ცენტრი კვლევისთვის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. ახალი მოდელის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტთან კომუნიკაციას და მასთან დაკავშირებულ სენსიტიურ საკითხებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული Hr-HPV დნმ ტესტირების დადებითი პასუხების შემთხვევაში“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ-ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის.
მოდელის ცვლილებას წინ უძღოდა ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტი - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი პირველად პაპ-ტესტსა და Hr-HPV დნმ ტესტირების საფუძველზე.
ახალი მოდელის მიხედვით, 25-დან 29 წლამდე ქალებში ისევ ტარდება ციტოლოგიური კვლევა ( პაპ-ტესტი), ხოლო 30-დან 60 წლის ქალებში Hr-HPV დნმ ტესტი.
საქართველოში 9-14 წლის გოგონების პაპილომავირუსიის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 2017 წლიდან დაიწყო. იმუნოლოგები აცხადებენ, რომ პაპილომავირუსის წინააღმდეგ აცრა, რომელიც გოგონებმა ამ ასაკში უნდა გაიკეთონ, საუკეთესო პრევენციული ზომაა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ.
საქართველოში ყოველწლიურად 200-მდე ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი.
პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამასთან, ჯობს ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.