თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ტყიბულის წყალსაცავში მდებარე კიდევ ერთი კუნძული 357 ათას ლარად განმეორებით აუქციონზე გაყიდა, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
კუნძულის შემძენმა საინვესტიციო ვალდებულების სახით მომდევნო 4 წელში ტერიტორიის განვითარებისთვის 1 მილიონი ლარის პროექტი უნდა განახორციელოს. კუნძულის ფართობია 21,421 კვადრატული მეტრი.
წყალსაცავში მდებარე კუნძულის საწყისი ფასი 120 ათასი ლარი იყო.
ტყიბულის წყალსაცავში მდებარე 3 კუნძული სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 2023 წლის დეკემბერში გამოიტანა და სამივე მათგანს მყიდველი გამოუჩნდა. თუმცა მესამე კუნძულის მყიდველმა საინვესტიციო თანხა არ გადაიხადა, რის გამოც ხელახალი აუქციონი გამოცხადდა. ჯერჯერობით უცნობია ვინ არის აღნიშნული კუნძულის ახალი მესაკუთრე.
სამივე კუნძული ჯამში 2 მლნ 721 ათას ლარად გაიყიდა, სამივეს მფლობელების საინვესტიციო ვალდებულება ჯამში 8 მილიონ ლარს შეადგენს.
ინვესტიციების გარდა, ახალ მფლობელს ევალება ტერიტორიის მოწესრიგება, ეკონომიკური საქმიანობით დატვირთვა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
პირველი კუნძულის ფართობი 31.828 კვადრატული მეტრია, მეორის - 315.018 კვადრატული მეტრი.
კუნძულები განლაგებულია ტყიბულის ხელოვნური წყალსაცავის შუა და დასავლეთ ნაწილში. წყალსაცავის სიგრძე 8,1 კილომეტრია, სიგანე - 3,2 კილომეტრი, ხოლო საშუალო სიღრმე - 6,9 მეტრი.
ტურიზმის განვითარება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ადგილი უკავია რეგიონების განვითარებას და თითოეულ მათგანში მიმზიდველი ტურისტული ობიექტების შექმნას.