თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ბანანზე ბათუმში მომხდარი ინციდენტის საქმეზე არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2023 წლის 4 ივლისს ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ გართობის მიზნით 4 მოზარდი სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს.
კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა მკვეთრი მანევრით ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა.
ამასთან, ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.
სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხა და ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, რომლის ცხედარი 2023 წლის 7 ივლისს აღმოაჩინეს.
დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კატარღაზე მყოფ კიდევ ორ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.