თბილისი, 27 მარტი — Sputnik. 1-ელი მარტის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ 52,24 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, თებერვალში სესხების მოცულობა, იანვართან შედარებით, 0,68%-ით გაიზარდა.
ამასთან, თებერვლის ბოლოს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ 14,5 მლნ ლარი, მოქალაქეებზე კი 27,38 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული სესხების მთლიანმა ოდენობამ მთლიანი მოცულობის 55,74% შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 1,4%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 0,21%-ით შემცირდა.
მანამდე საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ სესხების მოცულობის ზრდა დაკავშირებული იყო ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდასთან, რაც გამოწვეულია ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდით.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს -11%, 2023 წელს კი 7,5%.