ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში რამდენს გამოიმუშავებს საქართველოს ნაკრები ?

საქართველო-საბერძნეთის გადამწყვეტი მატჩი „დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება
Sputnik
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ევრო 2024-ის ფინალში გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს.
ევრო 2024-ის საერთო საპრიზო ფონდი 331 მლნ ევროა. ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთის გუნდს დაუპირისპირდება. ისტორიული მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
ბერძნული გუნდის საგულშემატკივროდ საქართველოში 600-მდე ფეხბურთის მოყვარული ჩამოვიდა.
საბერძნეთთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პორტულაგიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
ტურნირის საგზურები მიიღეს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთისა და შვეიცარიის გუნდებმა.
გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა. დარჩენილი სამი ადგილი პლეი-ოფის შედეგების მიხედვით გადანაწილდება.