თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს გაეცნო, ნათქვამია კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გასულ წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში გამოიცვალა პარკეტი, პირველ სართულზე განახლდა ხის მოაჯირები, ცალკე აშენდა და მოეწყო სალაროს შენობა, ამჟამად კი მიმდინარეობს ვიზიტორებისათვის განკუთვნილი სველი წერტილების მშენებლობა.
სამუშაოების მეორე ეტაპზე სამინისტროს დაფინანსებით იგეგმება გათბობის სისტემის დამონტაჟება და სახურავის სრული რეაბილიტაცია.
„მუზეუმში უკეთესი გარემოს შექმნისა და დამთვალიერებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების მიზნით, გაუმჯობესდება ახლანდელი სერვისები, დაინერგება მუზეუმის პატარა სტუმრებისთვის შესაფერისი მომსახურების ფორმები და თანამშრომლებსაც უკეთესი სამუშაო პირობები შეექმნებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი ერთ-ერთი გამორჩეული მუზეუმია, რომელიც 1958 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. გახსნიდან დღემდე სახლ-მუზეუმი ასიათასობით ადამიანმა დაათვალიერა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ 2023 წელს მუზეუმს 40 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.
საბავშვო მწერალი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და „დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს ვარიანში დაიბადა. მწერალი 1912 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.