თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სასწავლო კურსი „ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” გამართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრენინგები თბილისში, გორში, კასპში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ონსა და ახალციხეში ჩატარდა. სასწავლო კურსი განთავსების, კვების ობიექტებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთათვის და გიდებისათვის გაიმართა. ტრენინგებს ჯამში 250 მონაწილე ჰყავდა.
„ტრენინგზე ჩვენ გავიგეთ, თუ რა მოთხოვნები აქვს ინკლუზიურ ტურიზმს, რომ ზოგადად წარმოდგენა გვქონდეს სპეციფიკის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების შესაქმნელად, რომელიც დაგვეხმარება, რომ გავუმასპინძლდეთ შშმ პირებს“, - განაცხადა ტურ-მენეჯერმა ქეთი შუბითიძემ.
ტრენინგის გავლის შემდგომ ყველა დამსწრეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცა.
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:
მისაწვდომი საფეხმავლო მარშრუტები;
მისაწვდომი საკემპინგო ბანაკები;
ჟესტური ენის ინტეგრირება ტურებში;
ინკლუზიური სათავგადასავლო ტურების შემუშავება;
მისაწვდომი კულტურული ტურების შემუშავება;
ციფრული მისაწვდომობა მუზეუმებისთვისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის.
ადმინისტრაციის ცნობით, „ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას მომსახურების ხარისხის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტთან გათანაბრება წარმოადგენს. ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულად საინტერესო ადგილებში მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოკლევადიან სასწავლო კურსებს ატარებს.
ტრენინგების მიზანი ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესებაა.