საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით ერევანს ეწვევა

ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით დღეს ერევანს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონია სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში გაიმართება.
ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი შეხვდება სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.