თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 25 მარტის 08:00 საათიდან 27 მარტის 12:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით.
ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
კერძოდ, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.
N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.