თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 5 საათში გაიყიდა, განაცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.
ბილეთების გაყიდვა 23 მარტის 12:00 საათზე დაიწყო და 17:30 საათზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო. ბილეთების გაყიდვა დაიწყო საბერძნეთშიც, თუმცა რამდენი ბერძენი გულშემატკივარი დაესწრება მატჩს, ჯერჯერობით, უცნობია.
საქართველო-საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე" გაიმართება - სტადიონი 54.549 ადამიანზეა გათვლილი.
ფინალის გზაზე საქართველომ ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. საბერძნეთის ნაკრებს 2004 წელს უკვე აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.