არანაირი „ვეტინგ-კონტროლი": მმართველ პარტიაში ევროკავშირის წარმომადგენელს უპასუხეს

მოსამართლეობის კანდიდატთა კეთილსინდისიერების შემოწმებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ
Sputnik
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველო უარს არ იტყვის საკუთარ სიტყვებზე და მოსამართლეების შერჩევისას „ე.წ. ვეტინგ-კონტროლს არ შემოიღებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების პირობების შესრულებისა და საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, აუცილებელია შეიქმნას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა იმ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ამ პროცესში.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია ჩვენთვის ყოველთვის იყო, არის და ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი, თუმცა ერთხელ უკვე ვთქვით და ამ სიტყვას არ გადავალთ - არავითარი „ვეტინგი“ არ იქნება. ეს პროცესი არის მავნებლური, რომელიც გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ლახავს ჩვენს სუვერენიტეტს და აპირებს, უხეშად ჩაერიოს ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში", - განაცხადა ოდიშარიამ.
თუ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაა საჭირო, ამისთვის საზოგადოებაში არიან პროფესიონალები და აკადემიური წრეები, დასძინა მან.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაა მზადაა „ვეტონგ-კონტროლის" თემაზე ევროკავშირის არგუმენტები მოისმინოს.
„განცხადებები „ვეტინგ-კონტროლთან" დაკავშირებით ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენთვის კი ამოსავალი წერტილი არის ევროკავშირი. და თუ იქნება არგუმენტები, მოვისმენთ. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულიად ღია ვართ კონსულტაციებისთვის. როცა არგუმენტები გვაქვს, არგუმენტებს ველოდებით მეორე მხრიდანაც“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ვეტინგ-კონტროლის" თემა საქართველოსთვის დახურულია, რადგანაც იგი ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„ეს თემა დახურულია. ვეტინგ-კონტროლი ეწინააღმდეგება არამარტო მოქმედ კონსტიტუციას, არამედ კონსტიტუციური უფლების ფუნდამენტურ პრინციპს. პირველ რიგში, დამოუკიდებელი სასამართლოს პრინციპს", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
სხვა პრობლემა
პიტერ სტანომ, ევროკავშირის სახელით, უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ბოლო კომენტარებთან დაკავშირებით იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პოტენციურ სისტემასთან მიმართებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები: ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღების თემა ვერ დაიხურება>>>
ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღებას მხარს უჭერენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბექაური, რაც მხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან მათი კრიტიკის მიზეზი გახდა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციების ზეგავლენის ქვეშ არიან, რაც კონკრეტული საქმეების განხილვისას მათი მიუკერძოებლობის შესახებ აჩენს კითხვებს, ხოლო ბექა ოდიშარიამ გააფრთხილა მოსამართლეები, რომ „თუ წინ გადახტებით, შეიძლება პირში აღმოჩნდეთ. მგლისა“. მოსამართლეები გააფრთხილა, რომ თუ ისინი „წინ გამოხტებიან, შეიძლება მგელმა შეჭამოს".
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.
მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.