თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისში გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, ხოლო მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც იგი ერთდროულად ორმა მოსამართლემ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ დატოვეს.
„რაც შეეხება სხვა საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევას, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივნად არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი", განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან.
გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით მიიღეს.
მურუსიძის თქმით, არც ერთ კონფერენციას, რომელსაც იგი ესწრებოდა, ასე დიდი რაოდენობის მოსამართლე არ დასწრებია.
„დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში", - განაცხადა მურუსიძემ.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.
მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.