თბილისი, 23 მარტი — Sputnik საქართველოში ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარება, შუა დერეფნის მნიშვნელობა, კომერციული არბიტრაჟის გაძლიერება, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იყო დღის წესრიგის ძირითადი თემები ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომაზე, რომელიც პარასკევს გაიმართა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა.
მას შემდეგ, რაც 2020 წელს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გზავნილების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი გაძლიერების პროცესში ინვესტორებისა და ბიზნესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.
ინვესტორთა საბჭოში შემავალი წევრი ბიზნეს-ასოციაციების და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 24%-ით ნაკლებია.
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად „საქსტატმა" რეინვესტიციების (7,2%-ით) და სასესხო ვალდებულებების შემცირება დაასახელა (-857,5 მლნ ლარი).
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების კუთხით ლიდერები გახდნენ ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები და აშშ. რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.