140-ზე მეტი დაღუპული და 200-ზე მეტი დაჭრილი: ბოლო ინფორმაცია მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე

ტერორისტები, რომლებიც „კროკუსზე“ თავდასხმაში მონაწილეობდნენ, დააკავეს
Sputnik
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მოსკოვში საკონცერტო კომპლექს „კროკუს სითი ჰოლში“ წუხელ ღამით მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 143-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი დაშავდა. ტერორისტები დააკავეს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს, პარასკევს საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. უწყებამ სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.
ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში“
FSB-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში, იტყობინება კრემლი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტერორისტების თანამზრახველების გამოსავლენად.
სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ყრიდნენ.
რეაქციები
უკრაინამ განაცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს.
„უკრაინას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო სროლასთან, ამ მოვლენებთან... კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ტერორისტულ აქტებთან ან სროლასთან „კროკუს სიტი ჰოლში", - განაცხადა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.
ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში“
უკრაინის ან უკრაინელების კავშირი მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან ვერც თეთრ სახლში ვერ დაინახეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რიამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნი მონაცემები ამასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა“, - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
სამძიმარი
საქართველოს მთავრობამ რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მასობრივი ღონისძიებები გაუქმებულია. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია უნივერსიტეტებს, რომ შაბათ-კვირას მოერიდონ მასობრივ ღონისძიებებს და შაბათს სტუდენტები გადაიყვანონ დისტანციურ სწავლებაზე.