სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

UFC-ის ჩემპიონი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
აღინიშნა, რომ ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.
ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მათ კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს.
UFC-ის ჩემპიონი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ესპანეთიდან 18 მარტს ჩამოვიდა. იგი დღეს, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების წინაშე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
მანამდე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა. მარტის დასაწყისში მებრძოლს მიენიჭა ესპანეთის მოქალაქეობა, რომლის სახელითაც ის ასპარეზობს.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.
ამ გამარჯვებისთვის ილიამ 350 ათასი დოლარი მიიღო. ჰონორარის ნაწილი მან საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადარიცხა.