თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია წარადგინეს ღირსების ორდენზე - ჯილდოს, რომელიც ასევე გამოჩენილი სპორტული მიღწევებისთვის გადაეცემა.
UFC-ის ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა. იგი დღეს, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების წინაშე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს.
მანამდე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა. მარტის დასაწყისში მებრძოლს მიენიჭა ესპანეთის მოქალაქეობა, რომლის სახელითაც ის ასპარეზობს.
ილია თოფურია
© Rustavi City Hall
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.
ამ გამარჯვებისთვის ილიამ 350 ათასი დოლარი მიიღო. ჰონორარის ნაწილი მან საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადარიცხა.