თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ, ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარა, ნათქვამია პროკურატურის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის პოლიცია ქვეყანაში საქართველოდან შეტანილი განაყოფიერებული კვერცხუჯრედების საქმეს იძიებს. გამოძიების მტკიცებით, ემბრიონები შეიცავს გენეტიკურ დეფექტს, დაკავებულია უფროსი ექიმი და კლინიკის ხელმძღვანელი, იუწყება ადგილობრივი მედია. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილი ემბრიონები შეიცავდნენ ჰემოფილია B-ის გენს.
სუროგაციის ცენტრის შემოწმება ისრაელიდან მიღებული იურიდიული დახმარების მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. დოკუმენტების გარდა, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაცია.
ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა.
თელ-ავივის პოლიციის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ცნობით, გამოძიება სამინისტროს შიდა აუდიტის და პოლიციის დასკვნის წარდგენის შემდეგ დაიწყო. ამ დროისთვის ორი დაკავებულის მიმართ ოთხი საჩივარია შესული.
საქმის დეტალები
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან შეტანილი ემბრიონები, რომლებიც ჰემოფილია B-ის გენს შეიცავდნენ, სამ ისრაელელ ქალს გადაუნერგეს. თავად კვერცხუჯრედები განაყოფიერებული და გაყინული იყო ბათუმში არსებულ ლაბორატორიაში.
განაყოფიერების შედეგად ერთ-ერთ ქალს შეეძინა გოგონა, რომელსაც ჰემოფილიის გენი მემკვიდრეობით ერგო, მეორე ქალმა მკვდარი ნაყოფი დაბადა, მესამე კი ვერ დაორსულდა. ამასთან, ორი კვერცხუჯრედი კვლავ გაყინული რჩება, აღნიშნავენ უწყებაში.
მთავარი ეჭვმიტანილი, გინეკოლოგი და თელ-ავივში კერძო კლინიკა IVF-ის მფლობელი ამტკიცებს, რომ იგი ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების შესაბამისად მოქმედებდა. უწყება კი განაყოფიერების დროს არ ავალდებულებდა კონკრეტული გენეტიკური გამოკვლევის ჩატარებას, აღნიშნავს ის. ექიმის თქმით, როდესაც პრობლემის შესახებ გახდა ცნობილი, მან შეწყვიტა დარჩენილი ორი ემბრიონის გადანერგვა.
კლინიკის შესახებ
ინოვაციური სამედიცინო ცენტრი BIRTH არის რეპროდუქტიული ჯანმრთელობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ცენტრი, რომელიც ქართველ და უცხოელ წყვილებს ეხმარება აიხდინონ ნანატრი ოცნება, ჰყავდეთ შვილი, ნათქვამია კლინიკის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კლინიკა, რომელიც ბათუმში უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს, ისრაელის მოქალაქე ლევ ადიროვიჩმა დააფუძნა, რომელიც არის კიბერნეტიკის დოქტორი და მრავალი სამედიცინო ტექნოლოგიის საერთაშორისო პატენტის მფლობელი.
2022 წლიდან კლინიკა მონაწილეობს პროგრამაში „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა", რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება.
დაწესებულებაში მუშაობენ საქართველოს წამყვანი რეპროდუქტოლოგები, ემბრიოლოგები და სამედიცინო პერსონალი. კლინიკის კონსულტანტები არიან 40-წლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი რეპროდუქტოლოგები ისრაელიდან, ნათქვამია კლინიკის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.