თბილისი, 20 მარტი — Sputnik. რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპლექსის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია.
„დღეს გვაქვს გამორჩეული დღე სხვადასხვა თვალსაზრისით და პირველ რიგში იმით, რომ ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში. მადლობა ილია თოფურიას მისი პატრიოტიზმისთვის და იმ დიდი წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობაში, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, აზიის განვითარების ბანკს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონის გუბერნატორს და ქალაქ რუსთავის მერს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი მოემსახურება 8 ოლიმპიურ სპორტულ სახეობას. კერძოდ, დარბაზში შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გამართვა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობებში.
დარბაზის მოძრავი, ეგრეთ წოდებული ტელესკოპური ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე და სივრცის ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა. დარბაზი მოწყობილი და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეჯიბრებების ჩასატარებლად დარბაზში დამონტაჟებულია ლედ ეკრანები. შენობა აღჭურვილია გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებით.
სპორტულ კომპლექსში უკვე აღჭურვილია ფიტნეს დარბაზი და გათვალისწინებულია სპორტსმენების ვარჯიშისთვის და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებისთვის საჭირო ყველა სივრცე: გასახდელები, საშაპეები, დასასვენებელი და ინვენტარის შესანახი ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ღია კაფე.
კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკები, 85 ავტომანქანაზე გათვლილი ღია ავტოსადგომი და დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები.
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის 24 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.